Friday, May 27, 2011

დეკამერონი

გუშინ, დეკამერონზე ვიყავი. რაღაც მიზეზების გამო პრემიერებზე ვერ მოვახერხე წასვლა, თუმცა "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო" ნათქვამია და მეც მარჯანიშვილის თეატრს მივაშურე.
ეს იყო თავდავიწყება ! იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მან ჩემზე, რომ გადავწყვიტე მისთვის ერთი მთლიანი პოსტი მიმეძღვნა.



"დეკამერონი" ადრეული აღორძინების ეპოქაში, ცნობილი იტალიელი მწერლისა და პოეტის ჯოვანი ბოკაჩოს დაწერილია. "დეკამერონი" – მისი შემოქმედების მწვერვალია. ასევე ვიტყოდი ლევან წულაძის შემოქმედებაზეც. ამ სპექტაკლით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რა დიადია თავის საქმეში ეს რეჟისორი.

"დეკამერონი" ჰუმანური იდეებით, თავისუფალი აზროვნების სულითა და ცოცხალი იუმორით გაჯერებული ნოველათა კრებულია. ნოველები საკმაოდ ეროტიულია, თუმცა რეჟისორს ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია და სპექტაკლში საკმაოდ ღრმა აზრი ჩადო. ნაწარმოებს კათოლიკურმა ეკლესიამ დევნაც კი დაუწყო. რადგანაც, მისი აკრძალვა ვერ მოახერხეს, ჩასწორება მონდომეს, მაგრამ დააგვიანდათ. პირვანდელი ტექსტი უკვე გასცდენოდა იტალიის საზღვრებს და კაცობრიობის საკუთრებად გადაიქცა.

.."აღორძინებას სამი მშობელი ჰყავს – დანტეს ღვთაებრივი კომედია, ჯოტოს ფრესკები და ბოკაჩოს დეკამერონი"..

სპექტაკლზე გადავალ, თუმცა შესავლიდან დამეთანხმებით, რომ ასეთი "დონის" ნაწარმოების დადგმა ასეთი "დონის" რეჟისორს არ უნდა გასჭირვებოდა, მეტიც ის თავის ძალებს აღემატა და სპექტაკლი საბოლოოდ საოცრად მდიდრული გამოვიდა...

სპექტაკლში დაკავებულია მარჯანიშვილის თეატრის რჩეული დასი.

ნიკოსტრატო – მარლენ ეგუტია
ლიდია – ეკა ნიჟარაძე
ტლიმპო – ნიკა კუჭავა
პიეტრო – ჯაბა კილაძე
ჩაპალეტო – მალხაზ აბულაძე
ალიბეგი – ირმა ბერიანიძე
კალანდრინო – ბესო ბარათაშვილი
კალანდრინა – ქეთო ცხაკაია
ნოტარიუსები – ზურა ბერიკაშვილი, ონისე ონიანი
ბერნანდრეტა – ბაია დვალიშვილი
კონსოლეტა – მანანა კოზაკოვა

სპექტაკლი საოცრად დახვეწილია დეკორაციის მხრივ. იმდენად ჩართული ხარ სპექტაკლის მსვლელობაში, რომ წამითაც კი არ გეფანტება გონება. დიდი ემოცია გამოიწვია ტალღის გადმოსვლამ – სცენიდან პარტერში. ხალხს თავზე თეთრი საბურველი გადაეფინა.

სპექტაკლი საბოლოო ჯამში ბევრ რამეს გვასწავლის. ნაჩვენებია რაოდენ ცოდვილია ქვეყნიერება და რაოდენ ცოდვილნი ვართ ჩვენ. სპექტაკლის არსი შენს ქვეცნობიერამდე აღწევს და გიჩნდება ფიქრები –საკუთარი თავის მიმართ, ცოდვების შესახებ. ნაჩვენებია, რაოდენ საცოდაობაა ამდენი ბილწიერების მოსმენა თუ ყურება რაც საბოლოოდ მეორედ მოსვლაში გადაიზრდება. ჯოჯოხეთის ცეცხლი შთანთქავს ყველა ცოდვილს და დარჩება მხოლოდ ერთი, პატარა გოგონა – ანგელოზის სახით, რომელიც მიამიტად, გამჭოლი მზერით დაგატყვევებს...

No comments:

Post a Comment